დონორი
ევროკავშირი
განმახორციელებელი ორგანიზაციები
საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB)
განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრი (EDEC)
ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის (AEE)
ძირითადი მიზნები
პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას, რაც შეესაბამება 2014-2016 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, პროექტი ეფუძნება შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს. კონვენცია ხელმოწერილი და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.
სამიზნე ჯგუფები
პროექტის ხანგრძლივობა
თებერვალი 2018 – იანვარი 2021
ზოგადი ინფორმაცია - “არაფერი ჩვენს შესახებ ჩვენს გარეშე”
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, მოსახლეობის დაახლოებით 15% შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია. ამასთან, საქართველოში მოსახლეობის მხოლოდ 3%-ია რეგისტრირებული შშმ პირად სოციალური მომსახურების სააგენტოში. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, სოფლად მცხოვრები შშმ პირები არიან სოციალურად და პოლიტიკურად ‘უხილავები’. მთავრობისა და არასამთავრობო სექტორის ძალისხმევის მიუხედავად, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შშმ პირთა მონაწილეობა არის ფორმალური. არსებული სერვისები კი საჭიროებს გაუმჯობესებას სტანდარტებისა და დაფარვის არეალის კუთხით.
სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერისა და ინტეგრაციისკენ მიმართული აქტივობების განხორციელების შედეგად დაგროვილი გამოცდილება, რომელიც მიზნად ისახავდა შშმ პირთა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების უფლებების ადვოკატირებას, აძლევს შესაძლებლობას ASB საქართველოსა და მის პარტნიორ ორგანიზაციებს - EDEC და AEE, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული გამოცდილება და ცოდნა ახლად დაფინანსებული პროექტის “თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის- სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში“ განსახორციელებლად.
ინოვაციური მიდგომა - “შშმ პირი შშმ პირისთვის”
საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში დაინერგება ინოვაციური საკონსულტაციო სერვისი “შშმ პირი შშმ პირისთვის”. ამ მიდგომის ძირითადი იდეაა შშმ პირთა გადამზადება, რათა მათ შეიძინონ კომპეტენცია და თვითდაჯერება იმისათვის, რომ მიაწოდონ ძირითადი ინფორმაცია და გაუწიონ მომსახურება სხვა შშმ პირებსა და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც აწყდებიან გარკვეულ ბარიერებსა და გამოწვევებს.
ძირითადი აქტივობები და მიდგომები
დასაქმების ბაზარზე შშმ პირები ხშირად არიან დისკრიმინაციის მხვერპლნი. ASB საქართველოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება - სოციალური მომსახურების მიწოდება - გამოყენებულ იქნება, როგორც შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრების გრძელვადიანი და მდგრადი დასაქმების ინსტრუმენტი. იგეგმება 8 სოციალური მომსახურების მიმწოდებელი სოციალური საწარმოს შექმნა საქართველოს რეგიონებში.
მიზნობრივი PR კამპანიები და დებატები ხელს შეუწყობს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას.
განხორციელდება საკონსულტაციო საბჭოების ეფექტური საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტორების კვლევა და ჩატარდება საჭიროებებზე მორგებული და შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შშმ პირთა ოჯახის წევრების გაძლიერებას, ადგილობრივ დონეზე მათი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის ხელშეწყობის გზით.
ASB-ს, EDEC-ისა და AEE-ს ჰოლისტური მიდგომა ხელს შეუწყობს საქართველოს რეგიონებში მიზნობრივი და საჭიროებებზე მორგებული სოციალური სერვისების მიწოდებას შშმ პირთათვის.