1992 წელს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების სერვისით შემოვიდა. ამასთან ერთად, ASB რამდენიმე პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით, ხელს უწყობდა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებას წყლის მიწოდების/სარწყავი სისტემების გამართვის გზით. 1997 წლიდან, როდესაც საქართველომ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო, ASB-მ შეწყვიტა პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა შენარჩუნდა პირადი კონტაქტები და ორგანიზაციის პოზიტიური იმიჯი ადგილობრივ მოსახლეობაში.
2010 წლის ბოლოს ASB საქართველოში დაბრუნდა და ორგანიზაციის 11 საერთაშორისო ფილიალიდან ერთ-ერთი დააფუძნა, რომელიც განვითარებისკენ მიმართული ASB-ს ოთხი ძირითადი მიმართულებიდან სამზეა ორიენტირებული. მიმართულებები ძირითადად ფინანსდება ევროკავშირის, გერმანიის მთავრობისა და საკუთრივ ASB-ს ბიუჯეტიდან. ერთ-ერთი ძირითადი სფეროა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კერძო-სახელმწიფო სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა, სოციალურ საწარმოთა მხარდაჭერა და სოციალური სერვისების მიწოდება სოციალურად დაუცველი, მათ შორის იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
მეორე მიმართულება მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზადყოფნის ზრდისა და კატასტროფების რისკის შემცირებისადმი ინკლუზიური მიდგომის (DiDDR) განვითარების ხელშეწყობას. ადგილობრივად კატასტროფის რისკების მართვის გაძლიერებითა და თვითდახმარების შესაძლებლობების გაზრდით, მყარდება ადგილობრივი მოსახლეობის დავდაცვითუნარიანობა საგანგებო სიტუაციების დროს.
მესამე მიმართულება ორიენტირებულია საქართველოს სამარიტელთა კავშირის (SSK), როგორც დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ორგანიზაციამ განაგრძოს მომსახურების მიწოდება ქვეყნიდან ASB-ს გასვლის შემდეგაც.