როგორ მოვიქცეთ ძალადობის შემთხვევაში?!
ოჯახში ძალადობა სერიოზული პრობლემაა – მისი შეჩერება ჩვენი პასუხისმგებლობაა!
თუ ძალადობას განიცდით ან მსგავს შემთხვევას შეესწარით, არ დარჩეთ მარტო – დახმარება ხელმისაწვდომია!
•	დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე – გადაუდებელი დახმარების ერთიანი ნომერი.
•	შეატყობინეთ უბნის ინსპექტორს ან მართლწესრიგის ოფიცერს.
•	მოითხოვეთ შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გაცემა.
•	დახმარებისა და კონსულტაციისთვის დარეკეთ 116006-ზე (24/7). 
თქვენი უფლებაა ანონიმურობის დაცვის მოთხოვნა!
თქვენი ხმა ძალადობის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია!
როგორ ისჯება მოძალადე?
საქართველოს კანონმდებლობით, ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორე წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რაც იწვევს ფიზიკურ ტკივილს ან/და ტანჯვას, წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. ამისთვის მოძალადე შესაძლოა დაექვემდებაროს პატიმრობას, საზოგადოებისთვის სასარგებლო იძულებით შრომას, იარაღთან დაკავშირებულ შეზღუდვებს.
შემაკავებელი ორდერი
შემაკავებელი ორდერი პოლიციის თანამშრომლის მიერ გამოდის და 1 თვემდე ვადით მოქმედებს, ძალაში შედის გამოცემისთანავე.მოძალადის მიერ ორდერის დარღვევა წარმოადგენს დანაშაულს. ამ ორდერით მოძალადეს აეკრძალება მსხვერპლთან მიახლოება და კომუნიკაცია, იარაღის ტარება, საერთო ქონების მართვა და სხვა.
დამცავი ორდერი
დამცავი ორდერი გამოდის სასამართლოს მიერ. ორდერის მოთხოვნის უფლება აქვს:
•	მსხვერპლს/სავარაუდო მსხვერპლს და მის ოჯახს,
•	ან მსხვერპლის თანხმობით პირს, რომელიც მას სამედიცინო, იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევს,
•	არასრულწლოვანთა ძალადობის შემთხვევაში – ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, ხოლო 14 წლის ასაკიდან – დამოუკიდებლად.
დამცავი ორდერი ითვალისწინებს ისეთ შეზღუდვებს, როგორიცაა მსხვერპლთან მიახლოება, იარაღის ტარება, საერთო ქონების მართვა და სხვა.
მოძალადის მიერ ორდერის დარღვევა წარმოადგენს დანაშაულს. დამცავი ორდერის ვადა: 6 თვემდე.

გადაუდებელი დახმარების საჭიროების შემთხვევაში:

•	გადაუდებელი დახმარება: 112
•	საკონსულტაციო ცხელი ხაზი: 116 006
•	სოციალური სერვისები: 1505
•	ბავშვთა დახმარების ცხელი ხაზი: 111
•	მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (სამმართველო) ცხელი ხაზი: 0800 00 0088

მომსახურება 24-საათიანი, უფასო და ანონიმურია.

სახელმწიფო მომსახურებები ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებობს:
5 სახელმწიფო თავშესაფარი თბილისში, გორში, სიღნაღში, ქუთაისსა და ბათუმში, რომელთა მისამართები კონფიდენციალურია.
5 კრიზისული ცენტრი თბილისში, გორში, ქუთაისში, ოზურგეთსა და მარნეულში.
თავშესაფრებსა და ცენტრებში მსხვერლპს შეუძლია მიიღოს შემდეგი მომსახურეობა: 
•	ფსიქოლოგიურ-სოციალური რეაბილიტაცია/დახმარება;
•	სამედიცინო მომსახურების ორგანიზება/მიღება;
•	სამართლებრივი დახმარება (იურიდიული კონსულტაცია, ადვოკატირება);
•	საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მომსახურება.