+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

კონკურსი ადვოკატირების კამპანიაზე

ASB საქართველო აცხადებს მსურველთა განაცხადების მიღებას ადვოკატირების კამპანიის განსახორციელებლად საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. საგრანტო კონკურსი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ,,თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“ ფარგლებში.

ინფორმაცია პროექტის შესახებ

ASB -საქართველო, პარტნიორ ორგანიზაციებთან განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრი და ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის ერთად ახორციელებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს ,,თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“.

პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას, რაც შეესაბამება 2014-2016 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, პროექტი ეფუძნება შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს. კონვენცია ხელმოწერილი და რატიფიცირებულია საქართველოს მთავრობის მიერ.

დასაქმების ბაზარზე შშმ პირები ხშირად არიან დისკრიმინაციის მხვერპლნი. ASB საქართველოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება - სოციალური მომსახურების მიწოდება - გამოყენებულ იქნა, როგორც შშმ პირთა და მათი ოჯახის წევრების გაძლიერების და სოციალური ინტეგრაციის ინსტრუმენტი. პროექტის ფარგლებში დაფინანსდა 8 სოციალური სერვისის მიმწოდებელი სოციალური საწარმო საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

საქართველოს სამ მუნიციპალიტეტში დაინერგება ინოვაციური საკონსულტაციო სერვისი “შშმ პირი შშმ პირისთვის”. ამ მიდგომის ძირითადი იდეაა შშმ პირთა გადამზადება. გადამზადებული შშმ პირები ინფორმაციას მიაწვდიან და მომსახურებას გაუწევენ  იმ შშმ პირებს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც აწყდებიან ბარიერებსა და გამოწვევებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. აღნიშნული სერვისი ასევე უზრუნველყოფს შშმ პირთა კომპეტენციის და თვითდაჯერებულობის ამაღლებას. 

შშმ პირთა საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით ხორციელედება დებატები და იგეგმება  მიზნობრივი PR კამპანიების ჩატარება.

პროექტის ფარგლებში განხორციელდა შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოების ეფექტური საქმიანობის ხელისშემშლელი ფაქტორების კვლევა და ჩატარდა საჭიროებებზე მორგებული და შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ტრენინგები. დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ იხილოთ მიმაგრებული ფაილი.

კონკურსის მიზანი და ჩარჩო

აღნიშნული კამპანიები მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას შშმ პირთა უფლებებზე, სოციალურ ინკლუზიაზე და დამოუკიდებელ ცხოვრებაზე. კამპანიები უნდა განხორციელდეს სფეროში არსებული ხარვეზების/ჩავარდნების აღმოფხვრის ხელშესაწყობად, მაგალითად:

  • ადამიანის უფლებების სტანდარტებზე და კონვენციის მიდგომებზე ერთიანი ხედვის ნაკლებობა;
  • გაეროს შშმ პირთა კომიტეტის პრეცედენტულ გადაწყვეტილებებზე ინფორმაციის ნაკლებობა;
  • გაეროს შშმ პირთა კომიტეტის მიერ კონვენციაზე შემუშავებული რეკომენდაციების და განმარტებების შესახებ დაბალი ცნობიერება;
  • რეაბილიტაციის სერვისები შშმ პირებისთვის;
  • ხელმისაწვდომი გარემო შშმ პირებისთვის;
  • და/ან სფეროში არსებული ნებისმიერი სხვა აქტუალური პრობლემა/ხარვეზი/ჩავარდნა.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პროექტის სამიზნე შშმ პირთა ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და/ან სხვა დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს/საინიციატივო ჯგუფებს, რომლებიც უზრუნველყოფენ შშმ პირთა უფლებების პოპულარიზაციას/აქტუალიზაციას.

გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება 2-3 პროექტი. თითოეული პროექტი დაფინანსდება მაქსიმუმ 2000 ევროს ოდენობით (500-2000 ევრო).

პროექტის ხანგრძლივობა შეადგენს 3 თვეს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება შემდეგი აქტივობები:

  • მედია და პიარ კამპანიები შშმ პირთა უფლებების და სოციალური ინკლუზიის აქტუალიზაციის მიზნით;
  • კამპანიები, რომლებიც შეიცავენ სოციალურ რეკლამებს ტელევიზიებში და რადიოში, ასევე ბილბორდებს;
  • ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის გვერდის შექმნა;
  • პიარ მასალების დაბეჭდვა, ისეთების როგორებიცაა: ლიფლეტები, ბიულეტენები, ბროშურები, სტიკერები, ბანერები და სხვა;
  • შშმ პირებისთვის სერვისზე ხელმისაწვდომობის გაზრდის პოლიტიკის დოკუმენტების ადვოკატირება.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში არ დაფინანსდება თანამშრომელთა ხელფასები.

მონაწილე ორგანიზაციები შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმებით:

  1. აღწერილი პრობლემის მნიშვნელობა;
  2. ადვოკატირების მიზანი;
  3. პროექტის ხარჯთ-ეფექტურობა;
  4. პროექტის მდგრადობა;
  5. კამპანიის ხილვადობა;
  6. პიარ კამპანიის/ღონისძიების მოსალოდნელი შედეგი.

განაცხადებს შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს შესარჩევი კომისია.

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ შევსებული განაცხადი, თანდართული ფორმის შესაბამისად.

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

განაცხადების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით, თანდართულ ფაილად, მისამართზე: application@asb.ge არა უგვიანეს  ა.წ. 10 მარტის, 18:00 საათისა. სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ “Application for Advocacy Grants”.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ASB საქართველო

თბილისი, ი. აბაშიძის 42, III სად., II სართ. ტელ: (+995 32) 2 290006

e-mail: application@asb.ge

საკონტაქტო პირი: თეონა ჯულუხაძე

 

თანდართული ფაილები

27/02/2020