+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ამბები 90 - იანებიდან, ჯულია ბებია

1990-იან წლებში წალენჯიხის მაცხოვრებლები სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებთან ერთად, სასიცოცხლოდ აუცილებელი მედიკამენტების დეფიციტს შეეჩეხნენ. სამედიცინო დანიშნულების ნივთების მწირი რაოდენობის შევსებას ადგილობრივი საავადმყოფოები ვერ ახერხებდნენ, ქალაქის მოსახლეობას კი ხშირად გადამყიდველების მიერ ხელოვნურად გაძვირებული მედიკამენტების შესაძენად თანხა არ ყოფნიდა.

სწორედ ამ პერიოდში ASB იწყებს ჰუმანიტარულ მისიას საქართველოში, რომელიც ქვეყანაში პირველადი საჭიროების სხვა მრავალ ნივთთან ერთად სამედიცინო პროდუქტის შემოტანასაც ითვალისწინებს. ჯული ბებია ერთ-ერთი იყო იმ შუამავალი ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შორის, რომლებმაც გერმანული ჰუმანიტარული ტვირთის (ამ შემთხვევაში მედიკამენტების) სამეგრელოს სხვადასხვა რეგიონში გავრცელების მისია იტვირთეს. ჯულიმ საქმიანობაში თავიდანვე ჩართო შესაბამისი კვალიფიკაციის მოქნე ექთანი და ექიმი, შემდგომში კი მედიკამენტების განაწილებაში მათ მოხალისეობრივად ეხმარებოდნენ ადგილობრივები. თუმცა წალენჯიხაში შემოსული სამედიცინო ჰუმანიტარული ტვირთის ადგილმდებარეობა მხოლოდ რამდენიმე ადამიანმა იცოდა.

„რთული დრო იყო. ვერავის ვეტყოდი სად და რა მედიკამენტებს ვინახავდი, კონფიდენციალური ინფორმაცია იყო“ - ამბობს ჯული –„გუშინდელი დღესავით მახსოვს როგორ ვიძინებდი სამედიცინო ნივთებით სავსე ოთახში, რათა მედიკამენტები არავის მოეპარა“.

ჯული იხსენებს, რომ მის ირგვლივ უამრავ ადამიანს სჭირდებოდა დახმარება. მედიკამენტები ექიმის დანიშნულების საფუძველზე გაიცემოდა, სამედიცინო შემთხვევები კი მეტად მრავალფეროვანი იყო, დაწყებული უბრალო გაციებიდან, პოსტოპერაციული გართულებებით დამთავრებული. საყოველთაო გაჭირვების პირობებში, უფასოდ გაცემულ მედიკამენტს კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ჯული ამბობს რომ ASB-ს ჰუმანიტარულმა მისიამ ბევრი ადამიანის ფიზიკურ გადარჩენას შეუწყო ხელი.

 

15/03/2019