+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საგრანტო კონკურსი

თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის - სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში

ASB საქართველო არის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში საქმიანობს 2010 წლიდან და ახორციელებს პროექტებს სოციალური მომსახურების ხელშეწყობის მიმართულებით.

ASB საქართველო, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის (AEE) ახორციელებენ პროექტს „თანაბარი შესაძლებლობები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის - სოციალური სერვისების მიმწოდებლების მხარდაჭერა რეგიონებში“. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.

პროექტი მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვასა და მხარდაჭერას, რაც შეესაბამება 2014-2016 წლების საქართველოს მთავრობის სამოქმედო გეგმას შშმ პირთა თანაბარი შესაძლებლობებით უზრუნველყოფის შესახებ. აღნიშნულის პარალელურად, პროექტი ეფუძნება შშმ პირთა უფლებების დაცვის შესახებ გაეროს კონვენციის პრინციპებს.  

აღნიშნულ პროექტის ფარგლებში, ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად აცხადებს საგრანტო კონკურსს, რომელიც მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მაღალის ხარისხის სოციალური, განათლების და ჯანდაცვის მომსახურებების განვითარებას და მათზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა წვდომას. ასევე კონკურსი წაახალისებს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას.

ვის შეუძლია მონაწილეობა

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო იურიდიულ პირებს და საინიციატივო ჯგუფებს.

სახელმწიფოს მიერ დაარსებულ ორგანიზაციებს კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ.

განიხილება იდეები, რომელიც ითვალისწინებს სოციალური, განათლების და ჯანდაცვის სერვისების მიწოდებას მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

დაფინანსების პირობები და ფარგლები

 

თითოეული პროექტისათვის ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 14.500 ევროს ექვივალენტს ლარში. პროექტის დაფინანსების აუცილებელი პირობაა ადგილობრივი ხელისუფლების მატერიალური თანამონაწილეობა, რომლის მინიმალური ზღვარი უნდა იყოს პროექტის საერთო ბიუჯეტის არანაკლებ 10%. უპირატესობა მიენიჭებათ იმ პროექტებს, სადაც ადგილობრივი ხელისუფლებას ექნება ფინანსური წვლილი.

ვინაიდან კონკურსის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის წახალისება და ინიცირება, უპირატესობა მიენიჭება იმ იდეებს, რომლებიც თანხვედრაში იქნება ცენტრალური და/ან ადგილობრივი ხელისუფლების პრიორიტეტებთან.

პროექტის ფარგლებში შესაძლებელია შემდეგი ხარჯების დაფინანსება:

  • პერსონალის ხელფასი
  • მომსახურების მიწოდებისთვის აუცილებელი ტრანსპორტირების ხარჯი
  • მომსახურების მიმწოდებელი პერსონალის გადამზადების ხარჯები
  • დანადგარები / ტექნიკა
  • მომსახურების მიწოდებისთვის საჭირო მასალები
  • მცირე მასშტაბის რემონტის ხარჯი
  • პროექტის ხილვადობისთვის საჭირო ხარჯები
  • მომსახურების მიწოდებისათვის საჭირო სხვა პირდაპირი ხარჯები

პროექტის ფარგლებში არ დაფინანსდება:

  • ერთჯერადი ღონისძიებები
  • ადმინისტრაციის ხელფასი
  • ხარჯები, რომელიც არ არის კავშირში სოციალური მომსახურების მიწოდებასთა

პროექტის ხანგრძლივობა

პროექტის ხანგრძლივობაა 12 თვე. პროექტის დროის უდიდესი ნაწილი უნდა დაეთმოს მომსახურების მიწოდებას. მოსამზადებელი სამუშაოებისათვის განკუთვნილი დროის მაქსიმალური პერიოდია 3 თვე.

გეოგრაფიული არეალი

საქართველო, გარდა თბილისისა და ოკუპირებული ტერიტორიებისა.

საპროექტო განაცხადების მიღებისა და განხილვის პროცესი

კონკურსი გაიმართება სამ ეტაპად:

I ეტაპზე კონკურსანტებმა უნდა წარმოადგინონ პროექტის იდეის მოკლე ანოტაცია (შესაბამისი ფორმა თან ახლავს განაცხადს).

II ეტაპზე გადასული ორგანიზაციები მოწვეულნი იქნებიან პროექტის წერის ტრენინგზე, სადაც საშულება ექნებათ მოწვეული ექსპერტების დახმარებით საკუთარის იდეა აქციონ პროექტად.

III ეტაპზე ტრენინგის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ სრული განაცხადები, რის საფუძველზე შეირჩევა და დაფინანსდება მაქსიმუმ 8 პროექტი.

განაცხადებს შეაფასებს და დაფინანსების თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებს საგრანტო კომისია, რომელიც დაკომპლექტებულია პროექტის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებით და სფეროში მომუშავე გარე ექსპერტებით.

წინადადებების წარმოდგენა შესაძლებელია ელექტრონული ფორმით მისამართზე- application@asb.ge. თემის (Subject) ველში აუცილებლად უნდა მიეთითოს „EIDHR“. ხელით შევსებული განაცხადები არ განიხილება.

განაცხადების შემოტანის ბოლოო ვადაა 2019 წლის 17 მარტი. დაგვიანებით შემოტანილი განაცხადები არ განიხილება. 

პროექტი წარმოდგენილი უნდა იყოს მხოლოდ თანდართული სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად.

განაცხადის შევსების ტექნიკური მოთხოვნები: შრიფტი -  სილფაენი, ზომა - 11, სტრიქონებს შორის მანძილი - 1.

დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ დამატებითი ინფორმაცია საგრანტო კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებზე. შეხვედრებზე დასწრების მსურველებმა 26 თებერვლის ჩათვლით უნდა გადმოაგზავნონ მოთხოვნა ელექტრონულ მისამართზე- application@asb.ge. თემის (Subject) ველში გთხოვთ, მიუთითეთ „საინფორმაციო შეხვედრა“. ტექსტში მიუთითეთ სასურველი ადგილმდებარეობა და დამსწრეთა ვინაობა და რაოდენობა. შეხვედრის დროს და ადგილს შეგატყობინებთ პერსონალურად.

იფორმაცია მიახლოებითი თარიღების და შეფასების კრიტერიუმების შესახებ. 

განაცხადის ფორმა

 

 

19/02/2019