+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საერთაშორისო მრგვალი მაგიდა

ევროკავშირის მხარდაჭერით ASB საქართველომ გამართა საერთაშორისო მრგვალი მაგიდა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით. 

მოწვეული უცხოელი ექსპერტები, პროექტის პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი მკვლევარები და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები შეიკრიბნენ საერთაშორისო მრგვალ მაგიდაზე, კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მიზნით.  მრგვალ მაგიდაზე მონაწილეებმა იმსჯელეს საქართველოში არსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის პოლიტიკის შესახებ, განიხილეს ქვეყანაში არსებული პროგრამები და მომსახურებები და ამავდროულად გაეცნენ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში რესოციალიზაციის მიმართულებით არსებულ გამოცდილებას.  ღონისძიებას ესწრებოდა 50 - მდე წარმომადგენელი.

მრგვალი მაგიდა გაიმართა 2018 წლის  28 ნოემბერს, თბილისში და მასში მონაწილეობას იღებდნენ გერმანელი და დანიელი ექსპერტები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პრობაციის ეროვნული სააგენტოს, დანაშაულის პრევენციის ცენტრის, სახალხო დამცველის ოფისის, ასევე  ადგილობრივი არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე მონაწილეებმა განიხილეს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციის მიმართულებით არსებული სახელმწიფო პროგრამები, ASB საქართველოს მიერ ჩატარებული კვლევების შედეგები. სფეროს უცხოელმა ექსპერტებმა აუდიტორიას გაუზიარეს გამოცდილება სხვადასხა თემის შესახებ, როგორებიცაა: გარდამავალი მენეჯმენტი, ნარკომოხმარების პრევენციის პოლიტიკა გერმანიაში და არსებული სარეაბილიტაციო სერვისები; კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმება; სარეაბილიტაციო პროგრამები ციხეში; რისკის შეფასებისა და განხორციელებული პროგრამების გრძელვადიანი შედეგების გაზომვის ინსტრუმენტები.

„მრგვალი მაგიდის შეხვედრის მთავარი მიზანი გახლდათ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რესოციალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მსჯელობა, საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება საქართველოში არსებული რესოციალიზაციის პროგრამების გაუმჯობესების მიზნით და რეკომენდაციების დოკუმენტის განახლება უცხოელი ექსპერტების, პროექტის პარტნიორი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, დამოუკიდებელი ექსპერტების და ბიზნეს კომპანიების მონაწილეობით.”  - თათია ხურცილავა, პროექტის კოორდინატორი.

მრგვალი მაგიდის დასრულების შემდეგ შემუშავდება რეკომენდაციების განახლებული პაკეტი, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას სამომავლო პოლიტიკის დაგეგმვის მხარდასაჭერად.

პროექტი „განათლება რეინტეგრაციისთვის - გზა საზოგადოებაში დასაბრუნებლად“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მას ახორციელებს ASB საქართველო პარტნიორ ორგანიზაციებთან „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“  და „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“ ერთად. პროექტი მიზნად ისახავს კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების რეინტეგრაციის მხარდაჭერას.

29/11/2018