+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

უსაფრთხოების ტრენინგი 2016

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB საქართველო) 6 წლის იუბილის აღსანიშნავად, 17 დეკემბერს ASB-ს თანამშრომლებისთვის უსაფრთხოების  ყოველწლიური ტრენინგი და საზეიმო ვახშამი გაიმართა. წლევანდელი ტრენინგი მიზნად თოვლიან ზედაპირზე მანქანის მართვის უნარების გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების პროცედურების შესახებ თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიღებას ისახავდა.

ოთხ გუნდად გაყოფილმა ASB საქართველოს თანამშრომლებმა თბილისიდან თიანეთისკენ აიღეს გეზი, მიზნის მისაღწევად კი თოვლით დაფარული გზით აირჩიეს წასვლა.

მოგზაურობის დაწყებამდე, თითოეული გუნდის წევრმა შეამოწმა ავტომობილი, რათა შესაბამისი აღჭურვილობა ქონასა და მათ გამართულად მუშაობაში დარწმუნებულიყო. ტრენინგის შემდეგი ეტაპი ავტომობილის საბურავების სპეციალური ჯაჭვით აღჭურვას მოიცავდა, რაც დათოვლილ და მოყინულ ზედაპირზე გადაადგილებისას მძღოლისა და მისი მგზავრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. სასწავლო ტურის თითოეულ მონაწილეს ავტომობილის მართვის  საკუთარი უნარების გამოცდისა და შესაბამისი უკუკავშირის მიღების საშუალება ჰქონდა.

 „ასეთ პირობებში პრველად მომიხდა მანქანის მართვა, არც საბურავებზე ზამთრის ჯაჭვების გამოცვლის გამოცდილება მქონია. ASB-სა და დღევანდელი ტრენინგის წყალობით საკუთარი უნარების გამოცდის შესანიშნავი შესაძლებლობა მომეცა“-ამბობს ASB საქართველოს ფინანსური ასისტენტი მარიამ ხარაიშვილი.

თიანეთისკენ მიმავალ გზაზე, ტრენინგის მონაწილეებს საბუქსირე ბაგირის გამოყენების თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გადატანა მოუხდათ, როდესაც გზის პირას თოვლში ჩავარდნილი მანქანა შეხვდათ. შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამო მძღოლი და მგზავრები ავტომობილის სავალ ნაწილზე ამოყვანას ვერ ახერხებდნენ. ASB-ს გუნდმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ASB ეხმარება აქ და ახლა.

თავგადასავლებით სავსე დღისა და საზეიმო ვახშმის შემდეგ, ტრენინგის მონაწილეები კიდევ ერთ გამოწვევას შეეჩეხნენ: კერძოდ, ავტომობილის გადამყვანით დაქოქვა მოუწიათ. აღნიშნული დავალების შესრულება საკუთარ თავზე თათია ჯონსონმა აიღო და კოლეგების დახმარებით დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვა თავი.

 „მოხალისეობის სურვილი იმიტომ გამოვთქვი, რომ ვფიქრობდი ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. თუმცა, როგორც კი გადამყვანს მოვკიდე ხელი, უკვე დარწმუნებული აღარაფერში ვიყავი: არ ვიცოდი შავი ბოლო შეემეერთებინა, თუ წითელი, ან კიდევ რომელი ავტომობილით უნდა დამეწყო. საბოლოოდ, კოლეგების დახმარებით ყველაფერი უსაფრთხოდ გამომივიდა.“-ამბობს თათია.

მიმდინარე წლის უსაფრთხოების ტრენინგმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია შემოწმება იმისა, რომ ავტომობილი ყველა საჭირო ხელსაწყოთია აღჭურვილი და რამდენად საჭიროა ცოდნის პრაქტიკაში, ველზე, გამოყენება. 

20/12/2016