+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

კატასტროფებისადმი მზადყოფნის დღის 20 წლისთავი

2016  წლის   13   ოქტომბერს,  DIPECHO–ს   პროგრამის   20   წლისთავის   აღსანიშნავად,   ევროკომისიამ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატთან და  DIPECHO–ს პარტნიორ ორგანიზაციებთან   ერთად   გამართა   კატასტროფის   რისკის   შემცირების   საერთაშორისო   დღისადმი მიძღვნილ ღონისძიება.

ცერემონია გაიმართა  საქართველოში, თბილისში, „ექსპო ჯორჯიაში.“ დაგეგმილ   ღონისძიებაში   მონაწილეობა   მიიღეს,   როგორც   საერთაშორისო,   ისე ადგილობრივმა ორგანიზაციებმა,  კერძოდ,  საქართველოს შინაგან საქმეთა  სამინისტროს   საგანგებო სიტუაციების   მართვის   სააგენტოს,   საქართველოს   განათლებისა   და   მეცნიერების   სამინისტროს, საქართველოს   სპორტისა   და   ახალგაზრდობის   საქმეთა   სამინისტროსა   და   საქართველოს   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

ღონისძიების ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობა ჩატარდა. საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB) აუდიტორიას კამპანია #ჩვენმზადვართ და მისი ახალი კომპონენტი: „არ დაიბნე, შეეფარე, დაელოდე“ გააცნო, რომელიც მიწისძვრის დროს მოქცევის სამ მთავარ წესს წარმოადგენს. საქართველოს სამარიტელთა კავშირმა (SSK) კი მოწვეული სტუმრებისთვის პირველადი დახმარების ძირითადი ელემენტების დემონსტრირება გამართა.

„არ დაიბნე, შეეფარე, დაელოდე“ მიწისძვრის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი 3 ქმედებაა. ეს არის სამი მარტივი მოქმედება, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს დაზიანების რისკს.“- ამბობს ASB-ს კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამის კოორდინატორი, თეონა ჯულუხაძე.

ხაზგასასმელია, რომ საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის კატასტროფის რისკის შემცირების პროგრამა ინკლუზიური მიდგომით ხორციელდება. ASB კატასტროფების რისკის შემცირების პროგრამას სენდაის ჩარჩო ხელშეკრულების მიხედვით ახორციელებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პროექტის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ჩართულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები. გამომდინარე აქედან, ყველა აქტივობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ხორციელდება.

1996 წელს დაწყებული კატასტროფის რისკისადმი მზაობის  ECHO–ს პროგრამა  (DIPECHO)  წარმოადგენს ECHO–ს კატასტროფის რისკის შემცირების გლობალური მცდელობის  მთავარ კომპონენტს, რომელზეც 325 მილიონი ევროა გამოყოფილი. პროგრამის მთავარი მიზანია საზოგადოების მდგრადობის გაძლიერება და მოწყვლადობის შემცირება.  DIPECHO  არის ადამიანებზე ორიენტირებული პროგრამა, რომელიც ეხმარება კატასტროფის   რისკის   ქვეშ  მცხოვრებ   მოსახლეობას   ტრენინგის   საშუალებით   კატასტროფისადმი   მზაობის გაძლიერებაში,   ასევე   ადრინდელი   შეტყობინების   სისტემების   დანერგვაში   და   გაუთვალისწინებელი შედეგების   მიმართ   რეაგირების   დაგეგმვაში.   იგი   აგრეთვე   ხელს   უწყობს   მოქალაქეების,   სამოქალაქო ჯგუფების, ადგილობრივი, რეგიონალური და სახელმწიფო ორგანიზაციების ეფექტურ თანამშრომლობას.

19/10/2016