+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

სოციალური მეწარმეობის ფესტივალი უფლისციხეში

გასულ შაბათს, 17 სექტემბერს, საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდმა (ASB), უფლისციხეში გამართულ სოციალური მეწარმეობის ფესტივალს უმასპინძლა. ღონისძიების დევიზი იყო „მე მხარს ვუჭერ სოციალურ მეწარმეობას“ და მიზნად სოციალური მეწარმეობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების დონის ზრდასა და რეგიონში მოღვაწე სოციალური მეწარმეების ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავდა.

ფესტივალზე ჩვიდმეტი სოციალური საწარმო იყო წარმოდგენილი, რომელთაგან ექვსი ASB-სა და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთის" (CHCA) მიმდინარე პროექტის - „სოციალური საწარმოები იძულებით გადაადგილებულ პირთათვის საქართველოში“ ფარგლებში დაარსდა და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

უფლისციხის მონახულების შემდეგ, მოწვეულ სტუმრებს სოციალური საწარმოების გამოფენის დათვალიერების, მათ მიერ შემოთავაზებული სერვისების გაცნობის, ასევე პროდუქციის დაგემოვნებისა და ყიდვის საშუალება მიეცათ. ზოგიერთი სოციალური საწარმო დამთვალიერებელს ინტერაქტიულ აქტივობებს, მაგალითად ხეზე კვეთასა და ავტომობილის საბურავის გამოცვლის სწავლებას სთავაზობდა. სერვისის მიმწოდებელმა საწარმოებმა ბენეფიციარების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გამოფინეს: ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფარმა საკუთარი ეზოს ყვავილები და მცენარეები, ხოლო ტყვიავში არსებული შეზრუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების საკვირაო სკოლამ - მოსწავლეების მიერ შექმნილი ნივთები და მცირე მუსიკალური წარმოდგენა შესთავაზა დამსწრეთ. სოციალური საწარმოების წარმომადგენლებს თავიანთი გამოცდილებისა და მიღწევების ურთიერთგაზიარების საშუალება მიეცათ.

ადგილობრივი მუნიციპალიტეტისა და სოციალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად ფესტივალს სპეციალური სტუმრები, კახეთის მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღსაზრდელები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები პანკისის ხეობის სოციალური საწარმოებიდან ესწრებოდნენ.

ფესტივალი სახალისო ვიქტორინამ დაასრულა, რომელიც სოციალურ მეწარმეობას ეხებოდა. გამარჯვებულებმა საჩუქრების მაგიდიდან, რომელზეც განთავსებული იყო ქუდები და ქოლგები წარწერით „მე მხარს ვუჭერ სოციალურ მეწარემობას“, ასევე ფესტივალის მონაწილე სოციალური საწარმოების პროდუქცია, სასურველი პრიზები შეარჩიეს.

„ვფიქრობ, ფესტივალი წარმატებული იყო. ეს გახლდათ პირველი ღონისძიება რეგიონში, რომელიც სოციალურ მეწარმეობას ეხებოდა. ვისურვებდი, რომ მსგავსი ფესტივალები საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდეს.“ - განაცხადა ASB-ს პროგრამის კოორდინატორმა, გიორგი არსენიძემ.

22/09/2016