+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია სოციალური სერვისების განვითარებაზე

საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) ორგანიზებით, ტექნოპარკში, 29 ივნისს, პროექტის  "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში" ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.  

კონფერენციის ძირითად თემას წარმოადგენდა: სოციალური სერვისების განვითარების პროცესი, მისი გამოწვევები და შესაძლებლობები საქართველოში; ასევე სხვადასხვა ქვეყნების გამოცდილება, კერძო და საჯარო სტრუქტურებს შორის მუშაობის სპეციფიკა და ქვეყნის როლი სოციალური სერვისების განვითარებაში.

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ვიზიტად მყოფმა უცხოელმა ექსპერტებმა, სოციალურ სერვისებზე მომუშავე ორგანიზაციებმა და სოციალური სერვისების სააგენტოს წარმომადგენლებმა. ასევე ადგილობრივმა და უცხოელმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა, რომლებმაც ღიად ისაუბრეს არსებულ პრობლემებსა და მისი გადაჭრის შესაძლო გზებზე სწორედ სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით. შეხვედრა ASB საქართველოს დირექტორმა, ბატონმა მატიას ვოლფმაილმა გახსნა, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მსგავსი ღონისძიებებისა და შეხვერების აუცილებლობას, რაც ეხმარება ორგანიზაციებსა და თემაზე მომუშავე სექტორს, მუდმივად იდგეს გამოწვევების სადარაჯოზე  სოციალური სერვისების განვითარების მიმართულებით.

შეხვედრაზე საკუთარი თემებით წარდგნენ: ASB საქართველო, საქველმოქმედო ჰუმანიტარული ფონდი „აფხაზეთი“ (CHCA), სოციალური მომსახურების სააგენტო, გორის მუნიციპალიტეტი, ლატვიის სამარიტელთა ასოციაცია, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია, კოალიცია "შინმოვლა საქართველოში", ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG).

დღეს ASB საქართველოში მუშაობს სოციალური სერვისების, კატასტროფის რისკების შემცირებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეინტეგრაციის კუთხით. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი პროექტია:  "საზოგადოებრივი ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერება სოციალური სერვისების პოლიტიკის დიალოგში წვლილის შეტანისთვის საქართველოსა და უკრაინაში", რომელიც ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

კონფერენციის სურათები იხილეთ აქ.

06/07/2016