+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

საინფორმაციო ტური შიდა ქართლის სოციალურ საწარმოებში

24-25 მაისს, შიდა ქართლში,  საინფორმაციო ტური ჩატარდა. ტური მოიცავდა იმ სოციალური საწარმოების გაცნობას, რომელიც პროექტის "სოციალური საწარმოები დევნილთათვის საქართველოში“ ფარგლებში ფუნქციონირებს. საინფორმაციო ტურში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივმა და ცენტრალურმა მედიის წარმომადგენლებმა, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, ადგილობრივი მთავრობის წევრებმა, ასევე პროექტში ჩართულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. ტურის მონაწილეები გაეცნენ საზღვრისპირა ზოლში ახლად გახსნილ საწარმოებს, რომლებიც მიმდინარე თვიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა.

ამერიკის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით​ პროექტს ახორციელებენ საქართველოს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი".პროექტში ასევე აქტიურადაა ჩართული გორის მუნიციპალიტეტი.

პროექტი გასულ წელს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გორის რაიონში  ექვსი სხვადასხვა ტიპის საწარმო დაფინანსდა. დაფუძნებული საწარმოების ნაწილი ბიზნესზე ორიენტირებილი, ნაწილი კი სოციალური სერვისების მიწოდებაზე მიმართული საწარმოებია.

"სოციალური საწარმოები იძულებით გადააგდილებულ პირთათვის საქართველოში" მოიცავს შემდეგ საწარმოებს:

ხურვალეთის ხანდაზმულთა თავშესაფარი

სოფელ ხურვალეთში მდებარე სოციალური საწარმო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 40 ხანდაზმულს მულტი პროფილურ სერვისს სთავაზობს, როგორიცა დრის ცენტრის მომსახურება, შინმოვლის სერვისი და სათემო 24 საათიანი მომსახურება (თავშესაფარი). აღნიშნული ცენტრი ემსახურება სოფ. ხურვალეთის, წითელუბნის, ნადარბაზევის, ასევე ხურვალეთისა და შავშვების დევნილთა ჩასახლებების ხანდაზმულებს.

ბერბუკის საბავშვო ბაგა-ბაღი

საბავშვო ბაღი, რომელიც გარემონტდა და სრულად აღიჭურვა პროექტის ფარგლებში, ბერბუკის დევნილთა ჩასახლების 135 ოჯახსა და ახლომდებარე სოფლებში მცხოვრებ 6 წლის ასაკამდელ ბავშვებს სკოლამდელი განათლების უფასო სერვისს სთავაზობს. აღნიშნულ სოციალურ საწარმოში ბერბუკის თემის მოსახლეობის 11 წარმომადგენელია დასაქმებული. სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება გათვლილია 40 აღსაზრდელზე. შენობა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. დღეისათვის ბაღის ხარჯებს სრულიად ფარავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობა.

საკვირაო სკოლა

ტყვიავის თემში დაარსებული საკვირაო სკოლა 40 სოციალურად დაუცველ და შშმ ახალგაზრდას ემსახურება. სოციალური საწარმო ბენეფიციარებს კომპიუტერული პროგრამების, უცხო ენების, ცეკვის, სიმღერისა და ხელსაქმის შემსწავლელ კურსებს სთავაზობს.

ლიახველი ოსტატები

სოციალური საწარმო სოფელ ბერბუკში ფუნქციონირებს. პროექტის მიზანი ვერხვების დასახლებაში დევნილთა გრძელვადიანი და უსაფრთხო საცხოვრისით უზრუნველყოფა და კონფლიქტის ზონაში არსებული კულტურულ-ისტორიული ძეგლების მოვლა-პატრონობაა. სოციალურ საწარმოში 6 ადამიანია დასაქმებული, ამასთანავე 10 ახალგაზრდა ოსტატებისაგან ხის კვეთას, ქვის დამუშავებასა და რკინაზე მუშაობას სწავლობს. საწარმო მომხმარებელს ასევე სთავაზობს სხვადასხვა მომსახურებას, როგორიცაა: ძველი ავეჯის რესტავრაცია, ხისა და ქვის დამუშავება/კვეთა და სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები.

ერგნეთის რძის პროდუქტები

სოციალურ საწარმოში "ერგნეთის რძის პროდუქტები" 5 ადგილობრივი მცხოვრებია დასაქმებული. პროექტი ტრადიციული მეურნეობის აღორძინებას (მეცხოველეობა, რძის პროდუქტების წარმოება), ღარიბი მოსახლეობის დახმარებასა და სოფლის შენარჩუნების პროცესის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

მოძრავი ავტოსახელოსნო

მოძრავი ავტოსახელოსნო "მეჯუდა-2015" დევნილთა ჩასახლებების და ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო საქმიანობებში მხარდაჭერასა და მათთვის დაზიანებული ტექნიკის შეკეთებას ისახავს მიზნად. სოციალური საწარმო მომხმარებლებს ადგილზე სთავაზობს სხვადასხვა სახის სერვისს - სასოფლო სამეურნეო ტექნიკის შეკეთება-რეაბილიტაციას. ასევე მოძრავი ავტოსახელონო იგოეთი-ხაშურის ჩქაროსნულ გზატკეცილზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მძღოლებს ადგილზე მისვლით სთავაზობს ავტომობილის შეკეთების სერვისს. საწარმოში 6 ადამიანია დასაქმებული, პროექტის პირდაპირი ბენეფიციარი კი 26 სოციალურად დაუცველი ოჯახია.

27/05/2016