+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ნანა ირემაშვილი ბათუმის საბავშვო ბაღის მზაობის შესახებ

ქალბატონი ნანა ირემაშვილი უკვე რვა წელია ბათუმის მეორე ბაღის გამგის პოზიციაზე მუშაობს. კატასტროფის რისკის შემცირებისა და პირველადი დახმარების ტრენინგები მის ბაღში 2011 წელს ჩაუტარდათ მასწავლებლებს. მის შემდეგ ბაღში რეგულარულად ეწყობა სიმულაციური ვარჯიშები. ბაღის შესახებ თავად ქალბატონი ნანა მოგვითხრობს:

  • ბაღის შენობა 1937 წლიდან არსებობს, თუმცა 60-იან წლებში იგი საცხოვრებელ კორპუსად გადააკეთეს, თუმცა მალევე დაუბრუნეს ბაღს პირველი სართული. ამჟამად ბაღი 560 კვადრატული მეტრის ფართობს მოიცავს და 140 ბავშვს იტევს, რომლებიც 4 ასაკობრივ ჯგუფში ნაწილდებიან.

ბაღის შენობა მრავალი წლის მანძილზე არ შეკეთებულა თუმცა 1 წლის წინ, ქალაქის მერიის ინიციატივით და ბაგა-ბაღების გაერთიანების დახმარებით შენობას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა.

  • ბაღში დაცულია ყველანაირი სტანდარტი. გარდა რემონტისა, ბაღში ასევე ყურადღება მიექცა უსაფრთხოების სტანდარტებს. დაყენებულია ხმოვანი სიგნალები ხანძრის, გაზის გაჟონვის შემთხვევაში, უსაფრთხოდაა ჩასმული კარ-ფანჯარა.

წელს უსაფრთხოების რეგულაცია ბაგა-ბაღების სასწავლო გეგმაში შევიდა, თუმცა ბათუმის მე-2 ბაღში 2011 წლის ტრენინგების შემდეგ უკვე იყო შექმნილი კომიტეტი, სადაც განაწილებული ჰქონდათ როლები, თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს კატასტროფის შემთხვევაში. ასევე ტარდებოდა რეგულარული სავარჯიშოები.

  • ბავშვებისთვის აუცილებელია თამაშით სწავლა და ამის ხშირი გამეორება, რათა ეს ყველაფერი ჩვევაში გადაეზარდოთ. ტრენინგების შემდეგ ჩვენ ხშირად ვაწყობდით სიმულაციურ აქტივობებს. ბავშვებს ისე ჩამოუყალიბდათ შესაბამისი ქცევები, რომ ერთხელ შემთხვევით განგაშის ზარი შემოვკარი, ბავშვებმა უმალ მიატოვეს ყველაფერი და მაგიდების ქვეშ შეძვრნენ.

ASB-მ, პროექტის „კატასტროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ ფარგლებში საქართველოს 366 საჯარო ბაღში ჩაატარა კატასტროფის რისკის შემცირების ტრენინგები, რომლის შედეგად 32 000-ზე მეტმა ბავშვმა და მასწავლებელმა იცის, თუ როგორ უნდა მოიქცეს სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფის შემთხვევაში. პროექტი სრულდება ევროკომისიის ჰუმანიტარული მისიის მხარდაჭრით.

  • ტრენინგებიდან ერთი წლის შემდეგ დავგეგმეთ მასშტაბური სიმულაცია, სადაც მოვახდენდით მთელი ბაღის ევაკუაციას და ჩართული იქნებოდა ადგილობრივი სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები. ევაკუაცია რომ დასრულდა, ბავშვები ბულვარში, უსაფრთხო ადგილზე გადავიყვანეთ. სასწრაფო დახმარების მანქანები რომ დაინახეს, შეშინებულმა მშობლებმა ბავშვები მაშინვე სახლში წაიყვანეს. 2013 წელს მართლა მოხდა მიწისძვრა ბათუმში. დასვენების დღე იყო და ბავშვები სახლებში იყვნენ. მეორე დღეს, როცა მშობლებმა ბავშვები ბაღში მოიყვანეს, დიდი მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის, რომ ბავშვები არ შეშინდნენ და ისე იქცეოდნენ, როგორც იყო საჭირო. ბავშვები ოჯახის წევრებსაც კი უხსნიდნენ, რომ ფანჯარასთან ან კიბეებზე გაჩერება არ შეიძლებოდა.

ASB-მ ამ პროექტის ფარგლებში გამოუშვა სპეციალური გზამკვლევი საბავშვო ბაღის აღმზრდელებისთვის ბუნებრივი კატასტროფის რისკის შემცირების შესახებ, სადაც თეორიული ინფორმაციის გარდა მოცემულია პრაქტიკული აქტივობები.

  • წიგნი არის ძალიან  პრაქტიკული და მორგებულია საქართველოს საბავშვო ბაღის პირობებზე. ჩვენს ბაღში რეგულარულად ვაკეთებთ აქტივობებს შესაბამისი თემის შესწავლის დროს. სიმულაციებს რაც შეეხება, შარშან კარგად ვისწავლეთ მიწისძვრის დროს მოქცევის წესები. წელს სხვა თემას ავირჩევთ, მაგალითად წყალდიდობას და რეგულარულ სიმულაციებსაც შესაბამისად გავაკეთებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეს ცოდნა მხოლოდ ბაღში არ რჩება. ბაღის დამთავრების შემდეგ ბავშვები სკოლაში უკვე მომზადებულები შედიან.
01/10/2015