+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

ჩვენ მზად ვართ!

22 ოქტომბერს თბილისის ხანსაზმულთა თავშესაფარი პატარა ბავშვების ჟრიამულმა გაახალისა. პატარებმა იმღერეს ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზადყოფნის შესახებ და ბარათების საშუალებით შეგვახსენეს მიწისძვრის დროს საჭირო ქმედებები. პატარებმა მეტი თვალსაჩინოებისთვის სათამაშო კუბურებისა და მაგიდების გამოყენებით მიწისძვრის იმიტაცია მოაწყვეს. ყველაზე სახალისო ნაწილი კი მაშინ დაიწყო, როდესაც ხანდაზმულები შეუერთდნენ წარმოდგენას. ჩაფხუტებიანმა უფროსებმა და პატარებმა ერთად მოახდინეს შენობიდან ევაკუაცია.

ბავშვებმა დამსწრე საზოგადოებას შეახსენეს ცხელი ხაზის ნომერი - 112, აჩვენეს, თუ რა ნივთები უნდა იდოს საგანგებო სიტუაციების ჩანთაში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თუ როგორ უნდა აღმოუჩინონ დახმარება დაშავებულებს.

„თავი ისევ ბავშვად ვიგრძენი“- განაცხადა თავშესაფრის მაცხოვრებელმა მურმან ხაჭაპურიძემ. „უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ არა მხოლოდ ბავშვები სწავლობენ ჩვენგან, არამედ ჩვენც შეიძლება ბევრი რამ ვისწავლოთ მათგან”.

წარმოდგენის დაწყებამდე დამსწრე საზოგადოებას მისასამებელი სიტყვით მიმართეს მათიას ვოლფაილმა (ASB საქართველოს დირექტორი), დარეჯან ლომთაძემ (თბილისის მოხუცებულთა თავშესაფრის დირექტორი), გიორგი ამაშუკელმა (შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის წარმომადგენელი) და ალუდა გოგლიჩიძემ (თბილისის მერის მოადგილე). „მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ASB-ს მსგავსი ღონისძიების ორგანიზებისთვის, რომელმაც ჩვენს თავშესაფარში სინათლე და სიხარული შემოიტანა. ”, განაცხადა დარეჯან ლომთაძემ, ხანდაზმულთა თავშესაფრის დირექტორმა.

აღნიშნული ღონისძიება განხორციელდა არბაითერ-სამარიტერ-ბუნდის (ASB) „ჩვენ მზად ვართ! კატასროფის რისკის შემცირება საქართველოს საბავშვო ბაღებში“ პროგრამის ფარგლებში, რომლის მიზანია გაზარდოს სკოლამდელი ასაკის ბავშვების, მათ შორის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე ბავშვებისა და მათი აღმზრდელების დაცულობა და ინფორმირებულობა.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერები არიან ევროკომისიის ჰუმანიტარული დახმარებისა და სამოქალაქო დაცვის დეპარტამენტი (ECHO) კატასტროფებისადმი მზადყოფნის პროგრამის DIPECHO-ს ფარგლებში და კოალიცია - გერმანია ეხმარება (Aktion Deutschland Hilft).

06/11/2014