+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

გამარჯვებული სოციალური საწარმოები პანკისში

2014 წლის დეკემბერში კონკურსის შედეგად შეირჩა გამარჯვებული ინიციატივები.

ასევე მოხდა მათი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებად (ააიპ) რეგისტრაცია.

გამარჯვებული ორგანიზაციები გახლავთ:

სოციალური საწარმო: თანადგომა გზა აღმავლობისაკენ 2015

სოციალური საწარმო სოფელ ჯოყოლოსა და ბირკიანში 25 მარტოხელა და უმწეო მოხუცებს სთავაზობს შინმოვლის მომსახურებას. 7 ადამიანი დასაქმდა პროექტის ფარგლებში.

მომსახურებები

  • ფიზიკურ–ჰიგიენური მოვლა (სახლის დალაგება, დაბანა, ჩაცმასა და გადაადგილებაში დახმარება, სადილის მომზადება, ტანსაცმლის რეცხვა, მათი შესაძლებლობიდან გამომდინარე საჭირო პროდუქტით მომარაგება, ზამთრის პერიოდში შეშის დაჭრა);
  • ჯამრთელობაზე ზრუნვა (წნევის გაზომვა, შაქრის ნორმის გაზომვა, საჭირო მედიკამენტების მოტანა, მასაჟის გაკეთება, სოფლის სამედიცინო პუნქტთან თანამშრომლობა);
  • მორალური დახმარება (მათთვის საინტერესო საკითხებზე საუბარი, ახალი ჟურნალ–გაზეთების წაკითხვა–დათვალიერება, სოციალიზაციის მიზნით ახლობლებთან და მეგობრებთან გადაადგილებაში დახმარება).

სოციალური საწარმო: მაცნე 2015

სოციალური საწარმოს იდეა მდგომარეობს სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების და ლტოლვილი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის საკვირაო სკოლის მოწყობაში, სადაც ბავშვებს და მოზარდებს ექნებათ საშუალება სკოლის მიღმა დამატებით მიიღონ სამოქალაქო განათლება და აიმაღლონ საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობები. დღის ცენტრში ბავშვებს და მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ კლასგარეშე ლიტერატურას, უყურონ სატელევიზიო შემეცნებით გადაცემებს და გამართონ დისკუსიები პედაგოგებთან და საკუთარ თანატოლებთან. სოციალური საწარმო სოფელ დუმაცურში ფუნქციონირებს და მასში დასაქმებულია 4 ადამიანი.

სოციალური საწარმო: მედინა 2015

სოციალური საწარმო გულისხმობს დღის ცენტრს შშმ პირებისთვის. დღის ცენტრი მოემსახურება 10-დან - 35 წლამდე 20 შშმ პირს. ეს იქნება ადგილი სადაც მათ საშუალება ექნებათ გაატარონ დღე და მიიღონ შემდეგი სახის მომსახურება:

  • შრომითი და სასწავლო თერაპია
  • თექაზე მუშაობა, სამკაულების და ნაკეთობების დამზადება, ძერწვა, ხატვა.
  • სპორტულ - გამაჯანსაღებელი და კულტურული აქტივობები
  • ცეკვის და სიმღერის სწავლება, შშმ პირებზე მორგებული (ფიზიკური შესაძლებლობების გათვალისწინებით) თამაშები.
  • არაფორმალური საგანმანათლებლო აქტივობები
  • საგანმანათლებლო-განმავითარებელი თამაშები.

სოციალური საწარმო სოფელ დუისში მდებარეობს და მასში დასაქმებულია 6 ადამიანი.

03/02/2015