+995 32 2 29 00 06
Eng

ASB საქართველო

1992 წელს არბაითერ-სამარიტერ-ბუნდი (ASB) საქართველოში ჰუმანიტარული დახმარების სერვისით შემოვიდა. ამასთან ერთად, ASB რამდენიმე პროექტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლის გაზრდის უზრუნველყოფის მიზნით, ხელს უწყობდა ადგილობრივი სოფლის მეურნეობის განვითარებას წყლის მიწოდების/სარწყავი სისტემების გამართვის გზით. 1997 წლიდან, როდესაც საქართველომ კრიზისიდან გამოსვლა დაიწყო, ASB-მ შეწყვიტა პირდაპირი ჰუმანიტარული დახმარება, თუმცა შენარჩუნდა პირადი კონტაქტები და ორგანიზაციის პოზიტიური იმიჯი ადგილობრივ მოსახლეობაში.

2010 წლის ბოლოს ASB საქართველოში დაბრუნდა და ორგანიზაციის 11 საერთაშორისო ფილიალიდან ერთ-ერთი დააფუძნა, რომელიც განვითარებისკენ მიმართული ASB-ს ოთხი ძირითადი ინტერვენციიდან სამზეა ორიენტირებული. ინტერვენციები ძირითადად ფინანსდება ევროკავშირის, გერმანიის მთავრობისა და საკუთრივ ASB-ს ბიუჯეტიდან. ინტერვენციის ერთ-ერთი ძირითადი სფეროა სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, კერძო-სახელმწიფო სოციალური პარტნიორობის ხელშეწყობა, სოციალურ საწარმოთა მხარდაჭერა და სოციალური სერვისების მიწოდება სოციალურად დაუცველი, მათ შორის იძულებით გადაადგილებული და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, პირებისთვის. ინტერვენციის მეორე სფერო მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფებისადმი მზადყოფნის ზრდისა და კატასტროფების რისკის შემცირებისადმი ინკლუზიური მიდგომის (DiDDR) განვითარების ხელშეწყობას. მესამე ინტერვენცია ორიენტირებულია საქართველოს სამარიტელთა კავშირის (SSK), როგორც დამოუკიდებელი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის, შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რათა ორგანიზაციამ განაგრძოს მომსახურების მიწოდება ქვეყნიდან ASB-ს გასვლის შემდეგაც.

დღეისათვის ASB სხვადასხვა პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და გარე დახმარებაზე მისი დამოკიდებულების დონის შემცირება.