+995 32 2 29 00 06
Eng

სიახლეები

დათოს ამბავი

11 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დათო კვირკელიძე პირველად ეწვია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრს - „აისი“. დღეს ის ამ დაწესებულების არა მხოლოდ ბენეფიციარი, არამედ თანამშრომელიცაა და სხვადასხვა ადმინისტრაციული პროცედურის მოგვარებაში იღებს მონაწილეობას. დათო „აისის“ დიდი ოჯახის პოპულარული წევრია, მისი მიზანდასახულობა და საზოგადოებაში ადაპტაციისას წარმოშობილი სირთულეების დაძლევის უნარი სხვა ბენეფიციარებს თავიანთი შესაძლებლობების აღმოჩენისა და ახალი უნარების შეძენისკენ უბიძგებს.

2017 წელს დათო, დღის ცენტრის აღსაზრდელებთან ერთად, ASB საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიურ პროგრამაში (DiDRR) ჩაერთო. საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ჩატარებულ ინტენსიურ თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებებს მიწისძვრის დროს მოქცევის წესების შესახებ სიმულაციური ვარჯიში მოჰყვა. დათო პროცესში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო. ამბობს, რომ ეს მისთვის დაუვიწყარი გამოცდილება იყო, რომელმაც სხვადასხვა ბუნებრივი კატასტროფისადმი მისი მზაობა გაზარდა. დათომ დაზარალებულის როლიც კი მოირგო და მეგობრებს უჩვენა, რომ პროფესიონალების გარემოცვაში შიში უკვალოდ ქრება. იმისათვის, რათა სიმულაცია მაქსიმალურად დამსგავსებოდა ნამდვილს, დათო შენობიდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა გამოიყვანეს ისე, როგორც ეს რეალური საშიშროების დროს ხდება.

„თავიდან შემეშინდა, თუმცა მალევე გავაცნობიერე, რომ ეს ჩემი მეგობრებისთვის სწავლის საუკეთესო შესაძლებლობა იქნებოდა“ -  ამბობს დათო - „ამიტომაც სიმამაცე მოვიკრიბე და ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლის როლის მორგებაზე დავთანხმდი.“

სასწავლო ევაკუაცია ASB საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ინკლუზიური (DiDRR) სტრატეგიის ნაწილი იყო. დათო მიიჩნევს, რომ ღონისძიება მეტად პროდუქტიული გამოდგა, ვინაიდან ცენტრის ბენეფიციარებმა და თანამშრომლებმა კატასტროფის რისკის მინიმუმამდე დაყვანა ისწავლეს. ამასთანავე, შესაბამისი საახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები გაეცნენ გონებრივი და ფიზიკური შეზღუდვის მქონე ბავშვებთან ურთიერთობის სპეციფიკას ისეთ დაძაბულ სიტუაციაში, როგორიც ბუნებრივი კატასტროფებია.


 

24/05/2018